logo
ENG



კალაძის თქმით, მელია სააკაშვილის "პირადი მოხმარების პარტიის" უუფლებო წევრია

16 ნოე 202021:41
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/32pfzep8laida4v.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას "პარტიის უუფლებო წევრს" უწოდებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან ამით ნიკა მელიას განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, მელიას გლდანის შტაბი, კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს:

"საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ.

განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვას", - ამბობს კახა კალაძე. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომლის დავალებითაც, მისივე ინფორმაციით, გლდანში ენმ-ის შტაბს დაესხნენ თავს.

როგორც მელიამ აღნიშნა, მის შტაბზე თავდასხმაში ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია. მელია ამბობს, რომ შუკაკიძე ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან და მმართველი გუნდის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან კობიაშვილთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, პოლიტიკოსის თქმით, მის შტაბთან ახლოს ცხოვრობს.

დღეს, 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. როგორც ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.


close დახურვა